ნაწლავების მუშაობა ჩემით მოვიწესრიგე და მინდა თქვენც გასწავლოთ! მაწუხებდა ნაწლავები, დარღვეული მქონდა საკვების მონელება, მიგროვდებოდა გაზები...
მაწუხებდა ნაწლავები, დარღვეული მქონდა საკვების მონელება, გაზები მიგროვდებოდა, ხშირად მქონდა შეკრულობა, ზოგჯერ კი ფაღარათი მემართებოდა.
ნაწლავების მუშაობა ჩემით მოვიწესრიგე და მინდა გასწავლოთ თქვენც. ყველაფერი კამის წყალის დამსახურებაა.
1. კამის წყლის მოსამზადებლად 1 ჩ/კ კამას დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დადგით 15 წუთი და სვით თბილ-თბილი.
2. დილაობით საათის ისრის მიმართულებით იკეთეთ მუცლის მასაჟი.
3. ჭამეთ სტაფილო და ჭარხალი. მიიღეთ ნაწლავური ფლორის მოსაწესრიგებელი რომელიმე წამალი. მე ვიყენებდი ლინექსს ან ბაქტისუბტილს 2-3 კვირის განმავლობაში. თუმცა, წამლების შესახებ მაინც ექიმს დაეკითხეთ.
აი, ამ მარტივი საშუალებებით ისე მოვიწესრიგე კუჭ-ნაწლავი, რომ დღეს აღარაფერი მაწუხებს.
ექიმის კომენტარი: ხალხურ მედიცინაში კამა ცნობილია, როგორც მეტეორიზმის სამკურნალო საშუალება. კამის ნაყენი აძლიერებს კუჭ-ნაწლავის სეკრეტულ ფუნქციას, აქვს ნაღველმდენი, სპაზმების მომხსნელი, შარდმდენი მოქმედება, არეგულირებს ნაწლავების მოტორიკას და ამასთან ერთად აქვს ანტიბაქტერიული, გულის მკვებავი სისხლძარღვების და პერიფერიული სისხლძარღვების გამაფართოებელი ეფექტი.
დამამშვიდებლად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, აუმჯობესებს მადას. ინიშნება კუჭ-ნაწლავის ფუნქციის დარღვევის, სპაზმების, კოლიტების, მეტეორიზმის (გაზების) დროს. კამა აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და, რაც მეტად საყურადღებოა, აუმჯობესებს ლაქტაციას მეძუძურ დედებში, ამიტომ კარგი საშუალებაა მეძუძურობის პერიოდში განვითარებული კუჭ-ნაწლავის ფუნქციის დარღვევის მოსაწესრიგებლად.
მუცლის მასაჟი მართლაც აუცილებელი პროცედურაა მათთვის, ვისაც დაქვეითებული აქვს ნაწლავთა ტონუსი და ყაბზობა აწუხებს. - სტაფილო და ჭარხალი უჯრედისით მდიდარი პროდუქტებია და ისინი აძლიერებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერისტალტიკას, რაც აუცილებელია ყაბზობის მოსახსნელად.
როდესაც ადამიანს ქრონიკულად აქვს დარღვეული მონელების პროცესი, იქ საკმაოდ ხშირად აღინიშნება ნორმალური ნაწლავური ფლორის დარღვევა და ასეთი პრეპარატები მართლაც კარგ შედეგს იძლევა, თუმცა დაუშვებელია თვითდიაგნოსტიკა. უმჯობესი იქნება პრეპარატთა მიღების საკითხი გასტროენტეროლოგთან ერთად გადაწყვიტოთ.