ოზემპიკი ის მედიკამენტია, რომელმაც ბოლო წლების განმავლობაში საზოგადოების დიდი ყურადღება დაიმსახურა. დიაბეტის სამკურნალოდ შექმნილი პრეპარატი წონის კლებისთვისაც აქტიურად გამოიყენება, რამაც მისი ასეთი პოპულარობა განაპირობა. ოზემპიკის სწრაფი ეფექტი სულ უფრო მეტ ადამიანს იზიდავს, რათა ის სხეულის სასურველი ფორმის მისაღებად გამოიყენონ. აღსანიშნავია, რომ საზოგადოების ნაწილში რიგი კითხვები არსებობს – შეიძლება თუ არა სისხლში შაქრის დონის მარეგულირებელი წამლის წონის კლებისთვის გამოყენება, რა რისკები ახლავს თან და რამდენად უსაფრთხოა იგი? მათზე პასუხის გაცემა კლინიკური კვლევების შედეგებისა და პაციენტთა გამოცდილებიდან გამომდინარე შეიძლება.
როგორ მოქმედებს ოზემპიკი 1 მგ?
ოზემპიკი, რომელიც აქტიურ ნივთიერება სემაგლუტიდს შეიცავს, GLP-1 რეცეპტორ აგონისტების ჯგუფს მიეკუთნება. თავისი მოქმედების მექანიზმის წყალობით, ის ინსულინის გამოყოფას ახანგრძლივებს და შიმშილის გრძნობას ამცირებს. შედეგად, ადამიანი თავს დანაყრებულად გრძნობს და შედარებით ცოტა საკვებს მიირთმევს. წონის კლების მსურველთა დიდი ყურადღება სწორედ ამ ფაქტორმა გამოიწვია. არსებობს კლინიკური კვლევები, რომელთა მიხედვით, ოზემპიკი 1 მგ დოზის მიღების შემთხვევაში, პაციენტთა ნაწილმა სხეულის მასის 10–15% რამდენიმე თვეში დაიკლო. ამიტომაც, ის შეიძლება ბევრი ადამიანისთვის ჯანსაღი ცხოვრებისკენ გადადგმული ნაბიჯი იყოს.
განსაკუთრებით აღსანიშნავი სოციალური მედიის გავლენაა. ტიკტოკზე ჰეშთეგს – #OzempicWeightLoss ასობით მილიონი ნახვა აქვს. ცნობილმა სახეებმა, მათ შორის ჰოლივუდის ვარსკვლავებმა, ოზემპიკის გამოყენებსასა და მის ეფექტურობაზე ღიად ისაუბრეს. ამის შემდეგ, ბევრისთვის პრეპარატი სასწაულმოქმედ საშუალებად იქცა, რომელიც წონის კლებაში დიეტებისა და ვარჯიშის გარეშე დაეხმარებოდათ. ზოგიერთ ადამიანს დიაბეტი არ აქვს, თუმცა ოზემპიკს სწორედ წონის კლებისთვის იღებს.
რას უნდა ველოდეთ – რისკები და გვერდითი მოვლენები
მიუხედავად იმ დადებითი შედეგისა, რასაც ოზემპიკის მოხმარება იწვევს, არსებობს შესაძლო გვერდითი მოვლენები და რისკები. სწორედ ამიტომ, პრეპარატი მხოლოდ ექიმის მკაცრი მეთვალყუროების ქვეშ მიიღება.
ყველაზე ხშირ გვერდით მოვლენებად გულისრევა, დიარეა, ღებინება, მუცლის ტკივილი და დაღლილობა ითვლება. ზოგიერთ შემთხვევაში, საქმე უფრო რთულადაცაა – ფიქსირდება პანკრეატიტის, ნაღვლის ბუშტის პრობლემებისა და თირკმლის ფუნქციის დარღვევის რისკი. ამ დროს, აუცილებელია ექიმს მიმართოთ, რომელიც გადაწყვეტს, მიზანშეწონილია თუ არა პრეპარატით მკურნალობის გაგრძელება.
არის შემთხვევები, როდესაც წამლის გამოყენების შეწყვეტის შემდეგ, სწრაფად დაკლებულ წონას ადამიანი სწრაფადვე იმატებს. ეს კი, თავისთავად, დამოკიდებულების რისკს ქმნის – პაციენტი მედიკამენტს მხოლოდ წონის შესანარჩუნებლად იღებს.
გარდა ამისა, გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, მედიკამენტის დეფიციტი იქმნება და ზოგჯერ, დიაბეტიან პაციენტებს მისი შეძენა უჭირთ.
ორსულობისას და ლაქტაციის პერიოდში ოზემპიკით მკურნალობა რეკომენდებული არაა. ორსულ ქალებში კლინიკური კვლევები საკმარისი რაოდენობით არ ჩატარებულა, თუმცა ცხოველებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ სემაგლუტიდმა ნაყოფის განვითარებაზე შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს. ასევე, არ არსებობს ზუსტი მონაცემები, გადადის თუ არა სემაგლუტიდი დედის რძეში. თუმცა უსაფრთხოების მიზნით, ლაქტაციის პერიოდში ოზემპიკის გამოყენება სასურველი არაა.
ოზემპიკი – გზა წონის კლებისთვის?
ოზემპიკი 1 მგ წონის კლებისთვის მართლაც ძალიან ეფექტური საშუალება შეიძლება იყოს. ის სისხლში შაქრის დონეს არეგულირებს, შიმშილის გრძნობას აქვეითებს და კუჭის დაცლას ანელებს. მისი მიღების შემდეგ, ადამიანები შედარებით ნაკლებ საკვებს მიირთმევენ, რაც წონის დაკლებაში ეხმარებათ.
მიუხედავად ამისა, ოზემპიკის თვითნებურად მიღება დაუშვებელია – აუცილებელია ექიმის მეთვალყურეობა. არსებობს შემთხვევები, როდესაც ადამიანის ორგანიზმს შეიძლება ზიანი მიადგეს. მნიშვნელოვანია, რომ სარგებელი პოტენციურ რისკს აღემატებოდეს – ამ ყველაფერს კი ექიმი განსაზღვრავს. სხეულის სასურველი ფორმის მისაღებადაც კი, საჭიროა, რომ სპეციალიტის მითითებები ზედმიწევნით გაითვალისწინოთ.



 





 

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
