ორშაბათი, ოქტომბერი 27, 2025
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
HomeUncategorizedრა არის ადენოკარცინომა და როგორ ვითარდება ის ორგანიზმში?

რა არის ადენოკარცინომა და როგორ ვითარდება ის ორგანიზმში?

ადენოკარცინომა არის ავთვისებიანი სიმსივნე, რომელიც წარმოიქმნება ჯირკვლოვან უჯრედებში – იმ უჯრედებში, რომლებიც გამოიმუშავებენ ლორწოს, საჭმლის მომნელებელ წვენებსა და სხვა სეკრეციებს. სწორედ ამიტომ, ადენოკარცინომა შეიძლება განვითარდეს სხეულის მრავალ უბანში: ფილტვებში, კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, პროსტატაში, მკერდში, პანკრეასში, საშვილოსნოში და სხვაგან. 

ყველაფერი იწყება მაშინ, როცა ჯირკვლოვანი ეპითელიუმის უჯრედებში გროვდება დნმ-ის დაზიანებები (მუტაციები). ეს ცვლილებები არღვევს უჯრედების „შიდა მუხრუჭებს“, გამრავლების კონტროლს, და დაგეგმილ სიკვდილს (აპოპტოზს). შედეგია უჯრედთა უკონტროლო ზრდა, სიმსივნური კვანძის ჩამოყალიბება და მოგვიანებით – ჯგუფებად დაშლა და სხვა ქსოვილებში შეჭრა/გავრცელება (რასაც მეტასტაზირებას ვეძახით). 

რისკფაქტორები განსხვავდება სიმსივნის მდებარეობის მიხედვით, თუმცა რამდენიმე საერთო ნიშანი და საკითხი მაინც იკვეთება:

  • ხანგრძლივი ანთება და წინასიმსივნური მდგომარეობები. მაგალითად, მსხვილი ნაწლავის პოლიპები დროთა განმავლობაში შეიძლება გადაიზარდოს ადენოკარცინომაში, რის გამოც სკრინინგი და პოლიპების მოცილება ამცირებს კოლორექტალური კიბოს რისკს. 
  • გარე ფაქტორებში შედის თამბაქოს კვამლი, რომელიც ზოგიერთ ორგანოში ზრდის ადენოკარცინომის განვითარების ალბათობას; 
  • ყაბზობა/რეფლუქსიც ასოცირდება ხოლმე საყლაპავის ადენოკარცინომასთან; 
  • ალკოჰოლი და გარკვეული ტიპის ინფექციები მოქმედებენ, როგორც რისკი
  • გენეტიკური და ასაკობრივი ფაქტორები. ასაკის მატება ზრდის მუტაციების დაგროვების რისკს; გენეტიკური სინდრომებიც მკვეთრად ზრდის ნაწლავის ადენოკარცინომის რისკს. 

რომელ ორგანოებში გვხვდება ადენოკარცინომა ყველაზე ხშირად?

ადენოკარცინომა ფართოდ არის გავრცელებული შემდეგ ლოკაციებში:

  • მსხვილი და სწორი ნაწლავი (კოლორექტალური კიბო) და დასავლურ ქვეყნებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმსივნეა; ხშირად იწყება ადენომატური პოლიპით. რეგულარული სკრინინგი 45 წლიდან ამცირებს ავადობასა და სიკვდილიანობას. 
  • ფილტვი: ამ შემთხვევაშიც ფილტვის კიბო ყველაზე ხშირი ფორმაა. ხშირად ასოცირდება მწეველობასთან, თუმცა ვითარდება არამწეველებშიც. მიზნობრივი თერაპიები ამ ტიპში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. 
  • პროსტატა: პროსტატის კიბოს აბსოლუტური უმრავლესობა ადენოკარცინომაა (გლანდებისგან ვითარდება). დიაგნოსტიკა ეფუძნება PSA-ს, გასინჯვასა და ბიოფსიებს. 
  • კუჭი და პანკრეასი: ორივე ორგანოში გვხვდება ადენოკარცინომას სახით სიმსვინე; დიაგნოსტიკა ხშირად გვიანდება, ამიტომ სიმპტომების შემთხვევაში სწრაფი შეფასება კრიტიკულია.
  • სხვა ლოკაციები შეიძლება მოიცავდეს ძუძუს, საშვილოსნოს/ენდომეტრიუმს, საყლაპავსა და ა.შ. – ამ ორგანოების მრავალი ავთვისებიანი სიმსივნე სწორედ ადენოკარცინომას ტიპს მიეკუთვნება. 

სიმპტომები, რომლებიც არ უნდა უგულებელვყოთ

სიმპტომები განსხვავდება იმის მიხედვით, თუ სად მდებარეობს სიმსივნე. მაგრამ რამდენიმე „წითელი ალამი“ ზოგადი სურათისთვის მაინც არსებობს. მაგალითად, კოლორექტალური ადენოკარცინომას დროს ხშირია განავლის რეჟიმის ცვლილება, სისხლიანი განავალი, ანემია, წონის უეცარი ცვლილება, მუცლის ტკივილი/შებერილობა. პერიოდული სკრინინგი ასეთ დროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იარაღია.

ფილტვის ადენოკარცინომას ახასიათებს ხანგრძლივი ხველა, სისხლიან-ლორწოვანი ამოხველება, ქოშინი, მკერდის ტკივილი და განმეორებითი პნევმონიები. ხოლო პროსტატის ადენოკარცინომას შემთხვევაში გვხვდება შარდვის ცვლილებები (სისუსტე, ხშირად მოშარდვა), PSA-ს მატება; უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ ადრეულ ეტაპზე შესაძლოა სიმპტომები საერთოდ არც იყოს, ამიტომ ასაკობრივი სკრინინგის შესახებ ექიმთან ინდივიდუალური საორიენტაციო საუბარი მნიშვნელოვანია. 

რაც შეეხება კუჭისსა და საყლაპავის ადენოკარცინომას  – ამ შემთხვევაში გვხვდება დისკომფორტი კუჭის არეში, მცირე პორციით დანაყრება, ყლაპვის გაძნელება, წონის კლება, გამუდმებული გულძმარვა/რეფლუქსი. 

ცხადია, ეს ნიშნები არ ნიშნავს აუცილებლად კიბოს დიაგნოზს, მაგრამ მათი იგნორირება არასდროს არის სწორი – დროული კონსულტაცია აჩქარებს დიაგნოსტიკასა და, საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობას.

განკურნებადია თუ არა ადენოკარცინომა? – მკურნალობა და მისი მართვა

როგორც სიმსივნური წარმონაქმნების უმრავლესობა, ადენოკარცინომა განკურნებადია. თუმცა, მნიშვნელოვანია დროული დიაგნოსტიკა. საწყისი შეფასება მოიცავს გამოკითხვას, ფიზიკურ გასინჯვასა და გამოსახულებით კვლევებს (ულტრაბგერა, კომპიუტერული ტომოგრაფია, ენდოსკოპია ლოკაციის მიხედვით, მრტ და სხვა). საბოლოო დიაგნოზი კი ყოველთვის დგინდება ბიოფსიის, სიმსივნური ქსოვილის მიკროსკოპული შეფასების, მეშვეობით. 

როგორ იკურნება ადენოკარცინომა? მკურნალობა  ძალიან ინდივიდუალური პროცესია და დამოკიდებულია, პირველ რიგში, პაციენტის ზოგად მაჩვენებლებზე, შემდეგ კი ლოკაციაზე, სტადიაზე, ბიომარკერებზე. თუმცა, არსებობს ზოგადი მეთოდებიც, რაც ინდივიდუალური მიდგომისას გამოიყენება. ესენია:

  • ქირურგია: ლოკალიზებული ადენოკარცინომისგან განკურნების ერთ-ერთი მთავარი შანსი. ამ დროს ხდება ლოკალურად, სიმსივნური წარმონაქმნების ორგანოდან მოცილება.
  • ქიმიოთერაპია და სხივური თერაპია: გამოიყენება როგორც დამხმარე მეთოდი(ადიუვანტური) ოპერაციის შემდეგ, ისე ოპერაციამდე (ნეოადიუვანტური) სიმსივნის შესამცირებლად, ან მეტასტაზურ ფაზაში სიმპტომების კონტროლისთვის. 
  • მიზნობრივი თერაპიები (Targeted therapy): როცა კონკრეტულ მოლეკულებს უტევენ. ამ მიდგომამ ბევრ ადენოკარცინომაში გააუმჯობესა შედეგი და გაახანგრძლივა კონტროლი. 
  • იმუნოთერაპია: აძლიერებს პაციენტის საკუთარ იმუნურ სისტემას კიბოს წინააღმდეგ და ზოგიერთ ადენოკარცინომაში განსაკუთრებით ეფექტურია. 
  • ჰორმონული თერაპია: აქტუალურია იმ ორგანოებში, სადაც ჰორმონული სიგნალები იწვევს კიბოს ზრდას – მაგალითად, პროსტატის კიბოში ან ძუძუს კიბოს ნაწილში. 

სამედიცინო გუნდი ხშირად აერთიანებს ქირურგს, კლინიკურ ონკოლოგს, რადიოთერაპევტს, ენდოსკოპისტს, პათომორფოლოგსა და გენეტიკოსს. მრავალწლიანმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ მულტიდისციპლინური მიდგომა ზრდის შედეგების ხარისხს.

რატომ არის ადრეული დიაგნოსტიკა გადამწყვეტი?

სიმსივნის გამოვლენა ადრეულ ეტაპზე ზრდის გამოჯანმრთელების შანსს და ამცირებს აგრესიული თერაპიის საჭიროებას. საუკეთესო მაგალითია კოლორექტალური კიბოს სკრინინგი: 45 წლიდან დაწყებული რეგულარული სკრინინგი ზრდის გამოვლენის შანსს და ამცირებს სიკვდილიანობას, რადგან ასე სპეციალისტი პოულობს როგორც ადრეულ კიბოს ნიშნებს, ისე წინასიმსივნურ პოლიპებს, რომელთა მოცილება თავიდან გვარიდებს დაავადებას. ახალი თაობის სისხლის ანალიზებიც იძენს მნიშნელოვან როლს, თუმცა კოლონოსკოპიას ჯერ ვერ ანაცვლებს. 

კარგი იქნება, ოჯახური ისტორიის, პირადი ჯანმრთელობის ისტორიისა და სხვა მაჩვენებლების გათვალისწინებით, ექიმთან ერთად შეარჩიოთ შესაბამისი პერიოდული დიაგნოსტიკის მეთოდი და განსაზღვროთ ინტერვალიც. 

ცხოვრების წესის როლი: პრევენცია ყოველთვის უპირატესია

რისკებზე როცა ვსაუბრობთ, უნდა ვიცოდეთ, რომ ბევრ ფაქტორზე გავლენა ვერ გვექნება (მაგალითად, ასაკი, გენეტიკა), მაგრამ შესაძლებელია ქცევითი რისკების შემცირება: თამბაქოზე უარი, ალკოჰოლის ზომიერება, ბოჭკოვანი და მრავალფეროვანი კვება, რეგულარული ფიზიკური აქტივობა, სხეულის მასის ინდექსის კონტროლი და შესაბამისი ვაქცინაციები (საჭიროებისამებრ, მაგალითად, HPV-ს წინააღმდეგ). 

ეს ყველაფერი ზოგადად ამცირებს კიბოს განვითარების ალბათობას. გახსოვდეთ – ნებისმიერი დაავადების შემთვევაში ცხოვრების ჯანსაღი წესი გვიცავს საიმედოდ და პრევენცია ყოველთვის ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე შემდგომში მკურნალობა.

კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!