თრომბის ფორმირება ღრმა ვენებში, ძირითადად კი ფეხის მიდამოებში, ღრმა ვენების თრომბოზის სახელითაა ცნობილი და საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა. ღრმა ვენების თრომბოზი არის ფილტვის არტერიული თრომბოემბოლიის ძირითადი გამომწვევი მიზეზი, რომლისთვისაც დამახასიათებელია სერიოზული გართულებები და სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი. დაავადების ნიშნებია - ქვემო კიდურების მიდამოებში ტკივილი და/ან შეშუპება, მაგრამ შესაძლოა განვითარდეს სიმპტომების გარეშეც.
სიმპტომები_ ღრმა ვენების თრომბოზის სიმპტომები შესაძლოა იყოს:
დაზიანებული ქვემო კიდურის (იშვიათ შემთხვევაში ორივე ფეხის) შესივება; ტკივილი ქვემო კიდურების არეში, რომელიც ხშირად იწყება წვივის მიდამოებში; ქვემო კიდურებზე კანის სიწითლე ან გაუფერულება; სიმხურვალის შეგრძნება დაზიანებულ კიდურზე
გამომწვევი მიზეზები_ ღრმა ვენების თრომბოზი შესაძლოა გამოწვეული იყოს ნებისმიერი მიზეზით, რაც აფერხებს სისხლის მოძრაობას ან ხელს უწყობს თრომბის წარმოქმნას, მაგალითად ვენების დაზიანება, ქირურგიული ოპერაციები, გარკვეული მედიკამენტები და მოძრაობის შეზღუდვის გამო ხანგრძლივი დროით წოლითი რეჟიმი.
ღრმა ვენების თრომბოზის განვითარების რისკ ფაქტორებია: მემკვიდრეობითი სისხლის შედედების პათოლოგიები წარმოადგენს დაავადების განვითარების ერთ-ერთ მიზეზს. აღნიშნული დარღვევა შესაძლოა არც კი იყოს თრომბის წარმოქმნის მიზეზი თუ მას სხვა მაპროვოცირებელი ფაქტორი არ დაერთო თან, როგორიცაა
ხანგრძლივი წოლითი რეჟიმი და უმოძრაოდ ყოფნა ადუნებს წვივის კუნთებს და აფერხებს სისხლის მოძრაობას; დაზიანებები ან ქირურგიული ოპერაციები
ორსულობის დროს ვენური წნევის ზრდა მენჯისა და ქვემო კიდურების მიდამოებში; თრომბის წარმოქმნისთვის საშიში პერიოდი გრძელდება მშობიარობის შემდეგ ექვსი კვირის განმავლობაში; კონტრაცეპტივების მიღება ან სხვა ჰორმონებით მკურნალობა
ჭარბწონიანობა - ჭარბი წონის გამო იზრდება წნევა მენჯისა და ქვემო კიდურების ვენებში, შედეგად კი იზრდება თრომბის განვითარების რისკი; თამბაქოს მოხმარება; ზოგიერთი სიმსივნე ან მათი მკურნალობის მეთოდები
60 წელს ზემოთ ადამიანები წარმოადგენენ დაავადების განვითარების რისკ ჯგუფს
დიდი ხნის განმავლობაში ჯდომა, მაგალითად მგზავრობის დროს (განსაკუთრებით თვითმფრინავით ფრენისას) - როდესაც ფეხები უმოძრაოდაა რამდენიმე საათის განმავლობაში, არ ხდება წვივის კუნთების მუშაობა (რომელიც სისხლის მიმოქცევაში გვეხმარება) შედეგად კი იზრდება თრომბის განვითარების რისკი.
როგორ ავირიდოთ თავიდან ღრმა ვენების თრომბოზი?
ეცადეთ არ იყოთ დიდი ხნის განმავლობაში უმოძრაოდ; რაც შეიძლება მალე დაიწყეთ მოძრაობა ოპერაციის შემდეგ ან სხვა მიზეზით წოლითი რეჟიმის დროს
დიდი ხნის განმავლობაში ჯდომისას ფეხის გადაჯვარედინება აფერხებს სისხლის მიმოქცევას
თვითმფრინავით მგზავრობისას პერიოდულად ადექით და ფეხით გაიარეთ. თუ ადგომა არ შეგიძლიათ მაშინ ეცადეთ პერიოდულად გაავარჯიშოთ ტერფები
ცხოვრების სტილის შეცვლა - შეწყვიტეთ მოწევა ან დაიკელით წონაში
ვარჯიში - რეგულარული ვარჯიში ამცირებს თრომბის წარმოქმნის რისკებს; ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის ვისაც დიდი ხნის განმავლობაში უწევს ჯდომა ან ვინც ხშირად მოგზაურობს.
ღრმა ვენების თრომბოზის რომელიმე სიმპტომის აღმოჩენისას, აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რადგან დაავადების დროული მკურნალობა თავიდან აგარიდებთ მოსალოდნელ გართულებებს.