გიგზავნით რეცეპტს, რომლის გამოყენებითაც შევძელი თავი დამეღწია შემაწუხებელი დაავადებისაგან — შარდის შეუკავებლობისაგან.
ვიცი, რომ ეს პრობლემა ბევრ ასაკოვან ადამიანს აწუხებს, განსაკუთრებით — ქალებს. თანაბარი რაოდენობით შეურიეთ კრაზანა და ასისთავა, აიღეთ ამ ნარევის 2 ს/კ, დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, დადგით მდუღარე წყლის ორთქლზე 15 წუთი, შემდეგ შეაგრილეთ, გადაწურეთ და სვით, როგორც ჩაი. მკურნალობის კურსი 20 დღეა, შეისვენეთ 1 თვე და ისევ გაიმეორეთ.
ექიმის კომენტარი: კრაზანა მრავალმხრივი ფარმაკოლოგიური მოქმედებით გამოირჩევა. აღსანიშნავია მისი ანტიბაქტერიული, სპაზმოლიტური (სპაზმების მომხსნელი), ანთების საწინააღმდეგო, ნივთიერებათა ცვლის მომწესრიგებელი ზემოქმედება ორგანიზმზე. ნერვულ სისტემაზე კი მოქმედებს როგორც ნერვული აღგზნების მარეგულირებელი საშუალება; ამდენად, ეს მცენარე საშარდე გზებთან დაკავშირებული პრობლემების დროს ფართო სპექტრის მოქმედების პრეპარატს წარმოადგენს. აცხრობს ანთებით პროცესს, ებრძვის ინფექციას, არეგულირებს საშარდე გზების მაინერვირებელ ნერვულ იმპულსებს, წმენდს თირკმელებს და შარდსაწვეთებს მარილოვანი ნალექებისაგან.