დიდი ხანია წნევა მაწუხებს, ზოგჯერ ისეთი მაღალიც მაქვს, გაზომვაც კი ჭირს! ხალხური მედიცინიდან შევარჩიე რამდენიმე რეცეპტი, რომელთაც რეგულარულად ვიყენებ და ძალიან კმაყოფილი ვარ!
ექიმები მეუბნებიან, არითმიასთან ბრძოლა იოლი არ არისო. მართლაც, ბევრი წამალი ვცადე, მაგრამ უშედეგოდ. ამიტომ გადავწყვიტე, ხალხური მედიცინისთვის მიმემართა. ვკითხულობდი უამრავ ფიტოთერაპიულ ლიტერატურას და შევარჩიე რამდენიმე რეცეპტი, რომელთაც რეგულარულად ვიყენებ.
მინდა მკითხველსაც შევთავაზო ეს საშუალებები რომლებმაც მე მიხსნა ამ პრობლემისგან:
- გულის რიტმის დარღვევის დროს: წმინდად გახეხილი შავი ბოლოკის წვენს დაუმატეთ იგივე რაოდენობის თაფლი და აურიეთ. სვით თითო ს.კ 3-ჯერ დღეში.
- როცა გული "მიფრიალებს", თალგამის ნახარშს ვსვამ და ძალიან მშველის: 2 ს.კ დაკეპილ თალგამს დაასხით 1 ჩ.ჭ მდუღარე წყალი, ხარშეთ 15წუთი, გაწურეთ და სვით ნახევარი ჭიქა 4-ჯერ დღეში.
- ხოლო შენელებული რიტმის დროს: 0,5 კგ გახეხილ ლიმონს შეურიეთ იგივე რაოდენობის თაფლი და 20 ცალი გაფცქვნილი და დანაყილი გარგრის კურკის გული. მიიღეთ თითო ს.კ ჭამამდე, 2-ჯერ დღეში.
- შენელებული გულისცემის დროს კარგია აგრეთვე, ფიჭვის წიწვის ნაყენი: 60 გრ ფიჭვის წიწვებს დაასხით 300 გრ არაყი და 10 დღე დადგით მზეზე. მიიღეთ 15 წვეთი 3-ჯერ დღეში, ჭამამდე 20 წუთით ადრე.
ეს საშუალებები ნამდვილად არავის გავნებთ, ამიტომაც არ შეგეშინდეთ მათი გამოყენება და არ დაიზაროთ! ყველა საშუალება საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი და უზომოდ კმაყოფილი ვარ, სცადეთ თქვენც...
ექიმის კომენტარი: უპირველეს ყოვლისა, მკითხველს მინდა ვუთხრა, რომ მისი თვითმკურნალობა სარისკო საქმეა. გულის რიტმის დარღვევა საკმაოდ სერიოზული პათოლოგიაა და არითმია ვითარდება ცენტრალური და ვეგეტატიური ნერვული სისტემის დაავადებების, ენდოკრინული პათოლოგიების ან მიოკარდიუმის დაზიანების შემთხვევაში. ამიტომ ასეთ პაციენტს აუცილებლად ესაჭიროება კარდიოლოგის, ნევროლოგისა და ენდოკრინოლოგის კონსულტაცია.
რაც შეეხება აღნიშნულ მცენარეულ საშუალებებს, ის ორგანიზმისთვის უვნებელია და თუკი ეს მსუბუქი თერაპია მოგიწესრიგებთ მდგომარეობას, ცუდი ნამდვილად არ იქნება.
თუმცა აქვე გვინდა გაგაფრთხილოთ, რომ თუ თირკმელებში კენჭები გაქვთ, შავი ბოლოკის მიღება არ შეიძლება.
ჯანმრთელობას გისურვებთ!