"ექოსკოპიური კვლევისას მარჯვენა თირკმელზე აღმომაჩნდა 9მმ ზომის კისტა, რომელსაც თავი დავაღწიე ოროვანდის დახმარებით. ორი თვის განმავლობაში ვსვამდი ამ მცენარის წვენს. ამის შემდეგ ისევ გავიკეთე ექოსკოპია. კისტა აღარსად იყო. გთავაზობთ რეცეპტს, რომლის ეფექტიანობა საკუთარ თავზე გამოვცადე. ეგებ ვინმეს გამოადგეს.
ოროვანდის ფოთლები წვრილად დაკეპეთ ან გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, შემდეგ კი გაწურეთ წვენსაწურში და შეინახეთ მაცივარში. უნდა გაითვალისწინოთ, რომ ოროვანდის წვენი სამ დღეზე მეტხანს არ ინახება. წამლის მიღების წესი: 1-2 ს/კ წვენი დალიეთ ჭამამდე, 3-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი 4 კვირაა. შემდეგ შეისვენეთ ერთი კვირა და კურსი გაიმეორეთ.
შესაძლებელია წამალი სხვანაირი სქემითაც მიიღოთ: პირველი ორი დღე თითო ჩ/კ წვენი თითო 3-ჯერ დღეში, მომდევნო 2 დღე კი, დალიეთ 2-ჯერ დღეში, შემდეგი 3 დღე თითო ს/კ 3-ჯერ დღეში. ასე გასრულდება პირველი კვირა. ამ სქემას გაიმეორებთ დანარჩენი 3 კვირის განმავლობაში. აპრილიდან ოროვანდი უკვე გაიფოთლება და შეგიძლიათ მოამზადოთ ეს წამალი. ყველას ვუსურვებ გამოჯანმრთელებას"
ექიმის კომენტარი: ოროვანდი ჩვენში საკმაოდ გავრცელებული ორწლიანი ბალახოვანი მცენარეა. იგი ხალხურ მედიცინაში ფართოდ გამოიყენება. მცენარის ფესვი მდიდარია ლორწოთი, ეთერზეთებით, პალმიტინისა და სტეარინის მჟავებით, ინსულინით, მინერალური მარილებით, ვიტამინებით, განსაკუთრებით, C ვიტამინით. სამკურნალოდ იხმარება მცენარის ფესვი, ფოთოლი და ნაყოფი. ფესვს აგროვებენ გვიან შემოდგომაზე და გამოიყენება როგორც შარდმდენი, ოფლმდენი და ნივთიერებათა ცვლის მოსაწესრიგებელი საშუალება პოდაგრის და თირკმელ-კენჭოვანი დაავადებების დროს. ფესვის ნაყენს ან ნახარშს იყენებენ აგრეთვე გასტრიტების, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულების, ჩირქოვანი პათოლოგიების, ფურუნკულების სამკურნალოდ.
წყარო: სტატია მომზადებულია "კარაბადინზე" დაყრდნობით