ვის „ელოდება“ კასილასი კარიერის დასასრულებლად?


მადრიდის „რეალის“ ლეგენდა, ამჟამად „პორტოს“ მეკარე – იკერ კასილასი აცხადებს, რომ კარიერას ჯანლუიჯი ბუფონთან ერთად დაასრულებს.

ტურინის „იუვენტუსთან“ ახალი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, ბუფონი, რომელიც დღეს 38 წლისაა, „ბებერი სენიორას“ კარს 2017-2018 წლების სეზონშიც დაიცავს.

ამავდროულად, კასილასს, რომელიც იტალიელ კოლეგაზე 3 წლით უმცროსია, „პორტოსთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებისა და პორტუგალიურ გრანდში 2018 წლამდე დარჩენის საშუალება აქვს.

„კარიერას ჯიჯისთან ერთად დავასრულებ. თავის კლუბთან მან ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი, რაც ძალიან მახარებს, რადგან მეც ანალოგიურად მოვიქცევი. ფეხბურთს ლამაზად გამოვემშვიდობებით – ჯიჯისა და ჩემი მეგობრების მატჩში“, – განაცხადა ესპანელმა მეკარემ.

წყარო – Dreamteamfc.com