“რა იცით ქალაქელებმა, რა არის ნამდვილი ოჯახური ტვირთი და როგორია დედობა სოფელში!”


“სურვილი გამიჩნდა, მომეწერა თქვენთვის, რათა თქვენს მკითხველს წაეკითხა ჩემი წერილი. ხშირად მესმის ქალებისგან, დედებისგან, მათ შორის – თქვენს საიტზეც, რომ წუწუნებენ სხვადასხვა პრობლემაზე. მაგალითად, იმაზე, რომ უჭირთ სამსახურისა და ოჯახის საქმეების შეთავსება, ვერ პოულობენ კარგ ძიძას, ვერ არჩევენ სათანადოდ საცურაო აუზს, ბავშვი ვერ მიჰყავთ დასასვენებლად კარგ კურორტზე და ა.შ. და ა.შ. იცით, ჩემთვის და კიდევ უამრავი ჩემნაირი დედისთვის, რომლებიც საქართველოს სოფლებში ცხოვრობენ, ეს პრობლემები და ეს თემები ისეა, თითქოს ვიღაც კოსმოსში ლაპარაკობს, თითქოს ეს სხვა პლანეტაზე ხდება და ჩვენ სულ სხვა პლანეტაზე ვართ. ნეტავ, ოდესმე თუ დაფიქრებულხართ იმაზე, როგორია იყო მშობელი, იყო ქალი და იყო დედა საქართველოს რომელიმე სოფელში? ძალიან მოკლედ გიამბობთ, რა არის ეს, თუმცა მეეჭვება, ბევრმა არ იცოდეს – რატომღაც, ქალაქში აღმოჩენილებს ეს ყველაფერი ავიწყდებათ, ცხოვრების ფერხულში ერთვებიან და არასოდეს არ უფიქრდებიან, რამხელა პრივილეგიაა დღეს თუნდაც ის, რომ ქალაქში ცხოვრობ…
მე კახეთის ერთ-ერთ სოფელში ვცხოვრობ. ალბათ ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ოცდამეერთე საუკუნეში, ჩვენს სოფელში (და არამარტო ჩვენთან) ელემენტარულად, წყლის პრობლემაა. წყალი არ მოდის არც დღე და არც ღამე. დღის რომელიღაც მონაკვეთში მოწანწკარდება სოფლის ერთ ბოლოში, დავტვირთავთ მანქანას კასრებით, ზოგს ხელით მივახრიგინებთ და ძლივს-ძლივობით ამოვათრევთ ორი დღის სამყოფ წყალს. ვიზოგავთ ყველაფერზე, რომ დიდხანს გვეყოს. წვეთ-წვეთობით ვზომავთ და ვწონით, ნორმალურად ვერ ვსვამთ და ვერ ვბანაობთ…
წარმოიდგინეთ, და საპირფარეშოც ისევ ძველებური გვაქვს (ისევე, როგორც სოფლის მცხოვრებთა უმრავლესობას) და ასეთ საპირფარეშოში რომელ ჰიგიენაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი, მიხვდებით.
მთელი წელი რომ ვშრომობთ ფიზიკურად, დილას 5-6 საათზე ვდგებით და იწყება დაუსრულებელი შრომა და ჯაფა – ქათმები, ბაღ-ბოსტანი, ვენახი, სამზარეულო, ბავშვები… ერთმანეთს ენაცვლება საქმე და მუდმივი ოცნება და მოლოდინი, რომ ოდესმე რაღაც შეიცვლება. აი, წელს ვენახი გაამართლებს და აბაზანას გავაკეთებთ… ან სამზარეულოს მოვაშენებთ და ზამთარ-ზაფხულ გარეთ არ ვირბენთ სადილის გასაკეთებლად… ან სულაც თბილისში ერთ პატარა ბინას ვიყიდით, რომ ჩვენს შვილებს ნათესავებთან მათხოვრობა არ მოუწიოთ მთელი სტუდენტობის წლები… მაგრამ ერთ დღესაც სეტყვა წამოვა, გვალვა დადგება ან რაღაც სხვა უბედურება, მთელ ჩვენს ნაშრომ-ნაოფლარს გაანადგურებს და ყველა ოცნებასა და მოლოდინს მომავალ წლამდე ჩაფლავს მიწაში.
ძნელია, როცა შორს ხარ ყველაფრისგან, გეშინია, ბავშვს რამე არ დაემართოს, იმიტომ, რომ ექიმიც შორს არის. კარგი ექიმი, თორემ ვითომ ექიმები ყოველ ფეხის ნაბიჯზე არიან აქაც და თბილისშიც.
ჩვენს შვილებს ბევრი რამე ენატრებათ, ბევრ რამეზე ვეუბნებით უარს და მხოლოდ მომავლის იმედებით და ოცნებებით ვკვებავთ. ეს ერთი მხრივ შეიძლება კარგიც არის, რადგან მეტი სტიმული და მიზანი აქვთ, თუმცა ბავშვობა მაინც არ აქვთ უდარდელი და ბევრი საფიქრ-საშრომი აქვთ. თანაც, ბევრს უმტყუნებს ხოლმე ეს სტიმული შუა გზაში, თავს ანებებს სწავლასა და შრომას და სოფლის ბირჟას უერთდება უსაქმური და უჟმური ცხოვრების გასატარებლად.
სწავლაც პრობლემაა. არანაირი წრე, არანაირი დამატებითი განვითარება, მხოლოდ იმის იმედად უნდა იყო, რომ ბავშვი იქნება მოწადინებული და თავად ექნება იმის დიდი სურვილი, რომ კარგად ისწავლოს და გააღწიოს აქედან. კი, აუცილებლად უნდა გააღწიოს, იმიტომ, რომ არც ერთ ნორმალურ მშობელს არ უნდა, მისმა შვილმაც ისე იტანჯოს და იწვალოს, როგორც ჩვენ ვწვალობთ. არც მე მომწონს, თბილისი რომ გაივსო სოფლელებით, მაგრამ არც ერთი სოფლელის ბრალი არ არის, რომ ქვეყანაში სოფელს არავითარი ყურადღება არ ექცევა. როცა თავს ისე გრძნობ, თითქოს გარიყული ხარ და სხვა პლანეტაზე ცხოვრობ, შენ კიდევ შეიძლება ეს აიტანო რაღაცის გამო, მაგრამ შვილს არ აატანინებ და ყველანაირად ეცდები, გზა გაუხსნა და გაუშვა სხვაგან, სადაც უკეთესად და ცოტა უფრო იოლად იცხოვრებს…
როგორ ფიქრობთ, ადვილია, რომ წამოზრდილ შვილს უცხო ქალაქში გაუშვებ სასწავლებლად და დღე და ღამე იმაზე ფიქრობ, იქ რამე არ მოიწიოს, ვინმე არ გადაეყაროს, ვიღაცამ გზა არ აურიოს, გონება არ აუბნიოს, რამე არ შეემთხვას… არ არის ადვილი, არა, მაგრამ სხვა გზაც არ არსებობს…
ახალი არაფერი არ მითქვამს, უბრალოდ კიდევ ერთხელ შეგახსენეთ, რომ ჩვენც ვარსებობთ, რომ ჩვენ გაცილებით მეტი პრობლემა გვაქვს და გაცილებით მეტად გვიჭირს შვილების გაზრდა თუ სწორ გზაზე დაყენება, ვიდრე თქვენ. ხანდახან ჩვენკენაც გამოიხედეთ და ჩვენზეც იფიქრეთ…”

ელენე, 45 წლის.

წყარო

loading...


მოგწონთ სტატია?
Send to a friend