ძალიან მარტივი და გემრიელი სალათი ‘ცეზარი’, ქათმით!


უკვე საყოველთაოდაა ცნობილი, რომ სალათ ‘ცეზარს’ სახელი მისი გამომგონებლის, ცეზარ კარდინის, საპატივცემულოდ დაერქვა. სალათი 1924 წელს, მექსიკაში მოიგონეს და მის პირველ ვარიაციაში მხოლოდ სალათის ფოთლები, სუხარი, ყველი პარმეზანი და სპეციალური სოუსი იქნა გამოყენებული. თუმცა, გემოს მრავალფეროვნებისთვის მას ხშირად უმატებენ ქათმის ხორცს ან მოხარშულ კვერცხს.

რეცეპტის ამ ვერსიისთვის დაგჭირდებათ :

• სალათის ფოთლები – 1 კონა
• ქათმის ფილე – 2 ნაჭერი
• ყველი პარმეზანი – 100 გრ.
• პომიდორი ჩერი – 5 ცალი
• ნიორი – 3 კბილი
• პური – 250 გრ.
• ზეითუნის ზეთი – 150გრ
• კვერცხი – 1 ცალი
• დიჟონის მდოგვი – 1 ჩ/კ
• თეთრი ღვინის ძმარი – 2 ს/კ
• მარილი და შავი წიწაკა გემოვნებით


მომზადება:

• დაჭერით თეთრი პური მსხვილ კუბიკებად და დაყარეთ ცხელ ტაფაზე, მოასხით ზეითუნის ზეთი და დაამატეთ დაჭყლეტილი ნიორი. მობრაწეთ ყველა მხრიდან ისე, რომ არ დაიწვას.

• გარეცხეთ და გაამშრალეთ ქათმის ფილე, შემდეგ კი შეწვით, მანამ სანამ არ გაოქროსფერდება. ეცადეთ რომ ხორცი ძალიან მშრალი არ გამოვიდეს, შემდეგ კი დაჭერით კუბიკებად.

• სოუსის მოსამზადებლად საჭიროა დააბლენდეროთ 1 კვერცხი, 1 კბილი ნიორი, მდოგვი. ზეითუნის ზეთი, ძმარი, მარილი და შავი დაფქვილი წიწაკა.

• გარეცხეთ და გააშრეთ სალათის ფოთლები, დააქუცმაცეთ ისინი ხელით და ჩაყარეთ ჯამში. დაამატეთ ქათამი და მოასხით უკვე გამზადებული სოუსი. შემდეგ მოაყარეთ სუხარები, გახეხილი პარმეზანი და პომიდორი ჩერი.

ასევე დაგაინტერესებთ: ძალიან მარტივი და განსაკუთრებულად გემრიელი ფრანგული სალათი!/a>