ასიდან 98 შემთხვევა განკურნებადია – ძუძუს კიბოს დროული დიაგნოსტიკის მნიშვნელობა


1


მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში ყოველწლიურად ძუძუს კიბოს 650 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა რეგისტრირდება, უშუალოდ საქართველოზე კი ყოველწლიურად 1000-1200 ახალი შემთხვევა მოდის. დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ძუძუს კიბო საქართველოში მცხოვრები ქალების სიკვდილის ერთ-ერთ მთავარი მიზეზია. 2010 წელს, ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ ქალთა 36,8 პროცენტს ძუძუს კიბო აღმოაჩნდა.

2010 წლის მიწურულს, ავთვისებიანი სიმსივნის 9 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსრდა, მათგან ახალი შემთხვევების რაოდენობა 1000-ზე მეტი იყო, რაც 10% ზრდაზე მეტია. ახალი შემთხვევებიდან ქალების 17,5% გარდაიცვალა დიაგნოზის დასმიდან ერთი წლის განმავლობაში, მაშინ როცა დიაგნოზის დროულად დასმის შემთხვევაში ძუძუს კიბო ასიდან 98 შემთხვევაში იკურნება.

უკვე ოთხი წელია საქართველოში კიბოს სკრინინგ-პროგრამები მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედებს, რომლის ფარგლებშიც ძუძუს კიბოს სკრინინგი 40-70 წლის ყველა ქალისთვის უფასოა.

ბათუმში, ძუძუს სკრინინგის პროგრამაში სამი კლინიკაა ჩართული – აჭარის ონკოლოგიური ცენტრი, საზღვაო ჰოსპიტლის ბაზაზე არსებული “თანამედროვე მამოლოგიის ცენტრი” და ჯანმრთელობის ცენტრი “მედინა”. ასაკობრივი ზღვარის გათვალისწინებით, ბათუმის კლინიკებში უფასო სკრინინგი შეუძლია ჩაიტაროს თბილისის გარდა ნებისმიერ ადგილზე მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქემ. სკრინინგის პროგრამის ფარგლებში, 2014 წლის ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, ძუძუს კიბოზე სულ 1925 ქალი გამოიკვლიეს, რომელთაგან საეჭვო ავთვისება 48-ს დაუდგინდა.

ძუძუს კიბოს დიაგნოზირებისთვის რამდენიმე მეთოდი გამოიყენება – ძუძუს თვითგასინჯვა, კლინიკური გასინჯვა, ანუ ვიზიტი მამოლოგთან და მამოგრაფია – სარძევე ჯირკვლის რენტგენოგრაფია, რომელიც მამოლოგ თემურ გოგიტიძის თქმით, დაავადების ადრეული დიაგნოსტიკის ყველაზე მგრძნობიარე და სპეციფიკური მეთოდია.

ძუძუს კიბოს ადრეულ ეტაპზე გამოვლენას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, სკრინინგის პროგრამის ფარგლებში ძუძუს კიბოს შემთხვევების 78% დაავადების I-II სტადიებზე გამოვლინდა, პირველ სტადიაზე გამოვლენილი დაავადების მკურნალობა კი 100-დან 98 შემთხვევაში სრული განკურნებით სრულდება.

თემურ გოგიტიძის თქმით, სკრინინგული გამოკვლევა განსაკუთრებით ეფექტური მაშინაა, როცა ქალს არაფერი აწუხებს: “თუ მან უკვე იგრძნო წარმონაქმნი და განვითარდა სხვა, ფიზიკურად გამოხატული სიმპტომები, განკურნება რთულია. სიმსივნე განკურნებადია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ის საწყის სტადიაშია, ანუ როცა იგი ნახევარი ან ერთი სანტიმეტრია. უმეტესად ასეთი სიმსივნე არც ხელით იგრძნობა, არც მამოლოგის და მით უმეტეს არც ოჯახის ექიმის ან/და გინეკოლოგის გასინჯვით. ასეთი სიმსივნეები მხოლოდ სკრინინგული მამოგრაფიით ჩანს”, – ამბობს ის. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ძუძუს კიბოს სკრინინგი, სწორედ მამოგრაფიული კვლევის საშუალებით წარმოებს, რაც რენტგენოლოგიურ კვლევას გულისხმობს და რომლის დროსაც ძუძუს ქსოვილის დასხივება ჯანმრთელობისთვის სრულიად უსაფრთხო, მინიმალური დოზით ხდება.

მამოლოგის თქმით, ძუძუს კიბოს სკრინინგი ხანმოკლე და უმტკივნეულო პროცედურაა. მამოგრაფია შიშველ მკერდზე ტარდება, რომელიც კვლევის დროს, რამდენიმე წამით სპეციალური აპარატურის ქვეშ ექცევა. მას თან ახლავს მცირედი დისკომფორტი, რომელიც პროცედურის დროს ჯირკვალზე მცირედი ზეწოლით არის განპირობებული და კვლევის დასრულებისთანავე ქრება. “რენტგენოლოგიური სხივი, რომლითაც ძუძუს სკრინინგის დროს ხდება დასხივება, ძალიან დაბალი სიმძლავრისაა. იგი კბილის რენტგენის შემდეგ მეორეა დასხივების სისუსტით, ასე რომ ეს გამოსხივება საერთოდ არ არის საშიში”, – ამბობს თემური გოგიტიძე.

ძუძუს კიბოს სკრინინგისთვის განსაკუთრებული მომზადება საჭირო არ არის, თუმცა უნდა გაითვალისწინოთ, რომ გამოკვლევის დღეს, შხაპის შემდეგ არ უნდა გამოიყენოთ კოსმეტიკური საშუალებები: კრემი, მისაყრელი პუდრი და დეოდორანტი. მამოლოგების რჩევით ძუძუს გამოკვლევის ჩატარება მენსტრუალური ციკლის დაწყებიდან მე-7-12 დღეს არის რეკომენდებული.

პროცედურის დასრულების შემდეგ მამოგრამას (ფირს, რომელზეც სარძევე ჯირკვლის ქსოვილია გამოსახული) ორი ექიმი რადიოლოგი კითხულობს. “სკრინინგის პროგრამა იმ წესებით სრულდება, რაც ევროპაშია მიღებული, ანუ მამოგრაფიის გადაღების შემდეგ მამოგრამას ორი ექიმი, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად კითხულობს და სვამს დიაგნოზს. ჩვენ ჯერ აქ ვკითხულობთ სურათს და შემდეგ ელექტრონული ფორმით ვაგზავნით თბილისში, კიდევ ერთ გამოცდილ მამოლოგთან”, – ამბობს თემურ გოგიტიძე. კვლევის შედეგს პაციენტი შვიდი ან ათი სამუშაო დღის შემდეგ შეიტყობს.

თუ პაციენტს არ აქვს ექიმის ჩვენება, რომ მას განმეორებით სჭირდება მამოგრაფია, მან მხოლოდ ორ წელიწადში ერთხელ უნდა ჩაიტაროს სკრინინგული გამოკვლევა.

ქალებს, რომლებსაც მკერდში რაიმე ცვლილება აღენიშნებათ, უფინანსდებათ სკრინინგული ექოსკოპია, რათა კიდევ ერთხელ გადამოწმდეს, ნამდვილად არის თუ არა რაიმე წარმონაქმნი მკერდში. ძუძუს კიბოს მკურნალობა (ოპერაცია და სხივური თერაპია) კი საყოველთაო დაზღვევის პროგრამით ფინანსდება.

სკრინინგ პროგრამისთვის, რომელიც სარძევე ჯირკვლის კიბოს სკრინინგის გარდა, საშვილოსნოს ყელის კიბოს (25-დან 60 წლამდე ყველა ქალისთვის), პროსტატისა (50-დან 70 წლამდე ყველა კაცისთვის) და მსხვილი ნაწლავის (50-დან 70 წლამდე ყველა მოქალაქისთვის) კიბოს სკრინინგების პროგრამებსაც მოიცავს, 2011 წელს ცენტრალური ბიუჯეტიდან 1 015 408 ლარი გამოიყო.

mcvane.ge

loading...


მოგწონთ სტატია?
Send to a friend